საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

სიახლეები

ჩემთვის გამარჯვება არის ის, რომ სპექტაკლის მონაწილეებს უყვართ, რასაც აკეთებენ“

ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში ანშლაგით მიმდინარეობს მანანა დოიაშვილის პიესის “3+3“-ის ჩვენება. პიესის მისეული ვერსია ვანო ხუციშვილის რეჟისორობით ვიხილეთ.


სპექტაკლში ხუთი მსახიობია დაკავებული _ თამარ მდინარაძე, შორენა გვეტაძე, ციცი ბუცხრიკიძე, ვახტანგ ჩხარტიშვილი და ნიკა ძნელაძე. რეჟისორის ასისტენტი ვახტანგ ჩხარტიშვილია, ტექნიკური რეჟისორი _ მაკა მამულაიშვილი.

„რა არის მიზეზი უახლოეს ადამიანთა შორის გაბატონებული გაუცხოების, უსიყვარულობის? რატომ არის, რომ დედა _ შვილს, და _ დას, ცოლი _ ქმარს, ქმარი _ ცოლს სათანადო სიყვარულით კი არ ეპყრობა, არამედ ძალადობს და ატყუებს? _ სწორედ ეს პრობლემებია დასმული სპექტაკლში და ნაჩვენებია თუ რა ტრაგიკული მოვლენები შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ურთიერთობებს. ამ წარმოდგენას ფსიქოლოგიური თრილერი შეიძლება ვუწოდოთ. ვანო ხუციშვილის მიერ გადმოცემული ამბავი, ყოველგვარი რეჟისორული „ტრიუკების“ გარეშე, ისეთ რიტმში მიმდინარეობს, რომ მაყურებელს ერთი წუთით მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მანანა დოიაშვილის მიერ 90-იანი წლების ბოლოს დაწერილ პიესაში წამოჭრილი პრობლემები დღესაც ძალიან აქტუალურია“, _ წერს თავის ბლოგზე კრიტიკოსი მაკა ვასაძე.

სპექტაკლის რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მიიღო ოზურგეთის თეატრიდან შემოთავაზება. მან ამ შეთავაზებაზე ამჯერად უარი არ თქვა და მანანა დოიაშვილის სპექტაკლი “3+3“-ის დადგმა გადაწყვიტა.

“თითქმის არ მაქვს თავისუფალი დრო. არაერთი შემოთავაზება მქონდა ოზურგეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობიდან, მაგრამ, უდროობის გამო, ვერ შევძელი ჩამოსვლა. პანდემიის დროს კი, როდესაც შეწყდა თეატრალური ცხოვრება, გადავწყვიტე ახალ შემოთავაზებაზე უარი არ მეთქვა. თან პიესის ჩემებური ვარიანტი შევთავაზე მაყურებელს და ამაში პიესის ავტორი, მანანა დოიაშვილი დამეხმარა“, _ გვიყვება ვანო ხუციშვილი.

როდესაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და ყველანი სახლებში იყვნენ ჩაკეტილები, ამ დროს ვანო ხუციშვილს პიესის _ “3+3“-ის წაკითხვა ურჩიეს.

“როდესაც ყველანი ჩავიკეტეთ სახლებში ქალბატონმა ლელა ოჩიაურმა შემომთავაზა წამეკითხა ეს პიესა. პანდემიის დროს წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ იმ მოცემულობაში, რაშიც ვიყავით მთელი ქვეყანა, ძალიან იმოქმედა ამ პიესამ.

პიესაში კარგად ჩანს, კარჩაკეტილობამ, ოჯახში გამომწყვდევამ და კონფლიქტებმა, რაც პიესაში ვითარდება, რა შეიძლება გამოიწვიოს. როგორ წარმართავენ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებას, როგორ ერევიან ერთმანეთის პირადად საკითხებში და ანგრევენ საკუთარ ცხოვრებას და იმ ადამიანების ცხოვრებასაც, რომელშიც ერევიან. აი ამან განაპირობა, რომ დავფიქრებულიყავი ამ პიესაზე. პირდაპირ გეტყვით, პანდემიურმა სიტუაციამ პროვოცირება მოახდინა ამ ყველაფრის და ერთგვარი პარალელები გავაბით. ჩემთვის სპექტაკლის სათქმელი ერთგვარი გაფრთხილებაა _ ასეთმა ურთიერთობებმა, რა ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს“.

რეჟისორის თქმით, მსახიობების შერჩევისას ქასთინგი არ ჩაუტარებია.

“როგორც კი ჩავედი და დავათვალიერე შენობა, გადავიწყვიტეთ, რომ მცირე სცენას ძალიან მოუხდებოდა ეს სპექტაკლი. ბატონი ვასილ ჩიგოგიძე და ზაზა ჯინჭარაძე აბსოლუტურად დამეთანხმნენ. მსახიობების განაწილება და შემოქმედებითი ჯგუფის შექმნა მთლიანად მე მომანდეს. ამიტომ მოვიწვიე სცენოგრაფი თეო კუხიანიძე, მუსიკალურ გაფორმებაზე _ გიორგი ჯიქია. შემდეგ ავარჩიე მსახიობები, არანაირი ქასთინგი არ ჩამიტარებია. მგონი, ამ ხუთეულმა კარგად გადმოსცა ის სათქმელი, რაც ჩავდეთ სპექტაკლში მუშაობის დროს“, _ აღნიშნა რეჟისორმა ჩვენთან საუბრის დროს.

პრემიერას არაერთი მოწვეული სტუმარი ჰყავდა. მაესტრომ, ნიკა რაჭველმა თავისი სათქმელი ფეისბუქის საშუალებით გააცნო საზოგადოებას.

“მანანა დოიაშვილი ჩემი ცხოვრების, გულის, სულის, ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მისი პიესების კრებული პირველად რომ წავიკითხე, ახლაც მახსოვს შთაბეჭდილება. განსაკუთრებით კი, იმ ნამუშევრით გამოწვეული, რომელიც უკვე ბევრი წლის შემდეგ ოზურგეთის თეატრის სცენაზე ვიხილე. ვიცოდი, რომ პრემიერა იგეგმებოდა და ჩემთვის ჩავიფიქრე დასწრება, მაგრამ მანანას არ ვუთხარი და მოულოდნელად მივედი სპექტაკლის დაწყებამდე წუთებით ადრე, მაშინ, როდესაც სიუჟეტის ავტორი და ოპერატორი მასთან საუბარს წერდნენ.

მერე იყო შთაბეჭდილება დადგმით, მუსიკით, სამსახიობო გუნდით და განსაკუთრებით, შეუდარებელი თამარ მდინარაძით, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად სათქმელით, რომელიც მანანას პიესაშია…

იმდენად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის ოზურგეთში 3+3-ის ხილვა, რომ ფინალში ცრემლები ვერ შევიკავე და არც შევიკავე, განვიცდიდი გმირების ბედს და მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის ტკივილსაც. ცრემლიანად მიხაროდა თეატრის წარმატებაც და მათი გასაოცარი შრომის შედეგიც…

ერთი სიტყვით, ბედნიერი ვარ, რომ შევძელი მანანას გახარება, შევძელი ვანოს სპექტაკლზე დასწრება; ოზურგეთელების, თეატრის თანამშრომლების და განსაკუთრებით ლეგენდარული სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის მოსიყვარულება, უდიდესი ქართველის ფილიმონ ქორიძის საფლავისა და მისი ხსოვნისადმი ქედის მოხრა; ჩემი უძვირფასესი მეგობრის, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი სახოკიას მონახულება და მასთან ერთად სამომავლოდ, ოზურგეთის შესანიშნავად გარემონტებულ და მოწყობილ დარბაზში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაგეგმვა!“

“გურია ნიუსი“ ვანო ხუციშვილს იმ მოლოდინებსა და ემოციებზე ესაუბრა, რაც სპექტაკლის ჩვენების შემდეგ იყო.

ვანო ხუციშვილი: მთავარი ჩემთვის ყოველთვის არის ადამიანური და პროფესიული პროცესის გავლა. ცოტა ძნელია, როდესაც დასს ახლოს არ იცნობ, ჩადიხარ და დგამ სპექტაკლს. მე მივხვდი, რომ შეიძლება დიდი წარმატება არ ჰქონოდა სპექტაკლს, მაგრამ უკვალოდ არ ჩაივლიდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მთელი შემოქმედებითი გუნდის ნამუშევარი მოეწონათ. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამ სპექტაკლზე ადამიანები საუბრობენ და რაც მთავარია, კორონავირუსის დროს თეატრს დაუბრუნდა მაყურებელი.

პირველ რიგში, ჩემთვის გამარჯვებაა, რომ სპექტაკლის მონაწილეებს, უყვართ ის, რასაც აკეთებენ“!

“ეს სპექტაკლი არის სიყვარულსა და უსიყვარულობაზე“, _ მოკლედ ასე შემიძლია გითხრათ, _ გვითხრა მსახიობმა თამარ მდინარაძემ.

თამარ მდინარაძე სპექტაკლში ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალს განასახიერებს.

თამარ მდინარაძე: ძალიან რთული როლი იყო, მაგრამ საინტერესო ხასიათის. პირდაპირ გეტყვით _ პიესა იმდენად კარგად არის დაწერილი, რომ უარი არ მითქვამს ჩემი როლის შესრულებაზე. ამას ემატება ისიც, რომ რეჟისორმა, ვანო ხუციშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაყურებელთან ზუსტად ის პრობლემები მიგვეტანა, რაც არის პიესაში. ახალი სახის შექმნა არ გამჭირვებია, ამაში თვითონ რეჟისორი დამეხმარა. მან დამარწმუნა, რომ მე შევძლებდი მთავარი როლის შესრულებას. მე მივყვებოდი რეჟისორის თითოეულ სიტყვას. ეს არის ნამუშევარი, სადაც რეჟისორის და მსახიობის ერთსულოვნება იყო.

მსახიობი შორენა გვეტაძე ბევრს ფიქრობდა, რომ მაყურებლისთვის, რამდენად დამაჯერებლად გადაეცა მისი სათქმელი.
შრენა გვეტაძე: ეს იყო რთული როლი და ვერაფერი გამომივიდოდა, რომ არა რეჟისორის დახმარება. მქონდა წინააღმდეგობები საკუთარ თავთან, როგორ უნდა განმესახიერებინა ეს როლი. ადვოკატიც უნდა ვყოფილიყავი და პროკურორიც, რომ კარგად გადმომეცა სათქმელი მაყურებლისთვის. კორონავირუსის დროს, თითქმის, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით. მსგავსი როლი პირველად შევასრულე. ძალიან ბევრი წახნაგი აქვს ამ ქალს, როგორც დადებითი და ასევე, უარყოფითი.

იცი ბუცხრიკიძე და ნიკა ძნელაძე ოზურგეთის თეატრში, დაახლოებით, ერთი წლის წინ მივიდნენ. ახლა კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაყურებლის სიყვარული დაიმსახურონ.

ციცი ბუცხრიკიძე: მე სტუდენტობის დროს ვანო ხუციშვილთან მითამაშია და კიდევ მქონდა სურვილი, მის დადგმულ სპექტაკლში მიმეღო მონაწილეობა. სპექტაკლში მონაწილე ხუთივე მსახიობს, თანაბრად გვითმობდა დროს და ფაქტობრივად, მცირე ხანში ერთი გუნდი გავხვდით.

რაც შეეხება დასასრულს, სპექტაკლი ისე არ სრულდება, როგორც პიესა, რადგან ეს რეჟისორმა ასე გადაწყვიტა“.

და ბოლოს, სპექტაკლში ნახავთ, როგორ გამოკეტეს 25 წლის განმავლობაში ქალი, რომელიც ეტლით მოსარგებელია და ფსიქიკური პრობლემები აქვს. მას წაართვეს საყვარელი მამაკაცი, დაუმალეს სიმართლე; ამ სპექტაკლში ნახავთ ქალს, რომელიც ყოველდღე დადის დის მოსანახულებლად და უვლის მას. ასევე, გაიცნობთ გოგონას, რომელიც არ ტოვებს დედას და მიუხედავად მძიმე სოციალური პრობლემებისა, მაინც ბედნიერია, რადგან მის გვერდით არის საყვარელი ადამიანი; სპექტაკლში ნახავთ მამაკაცს, რომელმაც ორი ქალის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა და საბოლოოდ, ბედნიერი არცერთი არ იყო…

დანარჩენი, გირჩევთ, თავად ნახოთ. როგორც ცნობილია, ივნისის ბოლოს გაიმართება სპექტაკლის ჩვენება.

გიორგი გირკელიძე

წყარო: gurianews.com


ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივლისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სტატისტიკა