საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

სიახლეები

„ქართველი ნეაპოლელების“ ტრიუმფი ოზურგეთის თეატრში

ვარდობისთვის ბოლო დღეს ნეაპოლში გახლდით – მილიონერთა ქალაქში. მეგონა, შორს იყო და აგერ ყოფილა, ორი ფეხის ნაბიჯში _ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში. იმ დღეს აქ ისეთი პრემიერა შედგა, რომ `ქართველმა ნეაპოლელებმა~ დაუსწრებლად შემაყვარეს ეს იტალიური ქალაქი და იტალიელი ნეაპოლელები.
ვიზუალით, ხასიათით, ყოფა-ცხოვრებით, ხასიათით, მეტადრე ემოციით, სიმკვირცხლით, მსოფლმხედველობით, სულიერებით ქართველები და იტალიელები რომ ერთმანეთს ჰგვანან, ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი მსგავსება, რაც ამ წარმოდგენაში ვიხილეთ, იშვიათი საოცრებაა! ახლა, ერთი მეზობელი ერივით ვერ ავიჩემებ, რომ ედუარდო დე ფილიპო ქართველი იყო-მეთქი, მაგრამ დრამატურგის პერსონაჟებს რომ ბევრი რამ საერთო აქვთ ქართველებთან, ამას წყალი არ გაუვა. და ეს ყოველივე ამ წერილის ავტორზე ადრე და უკეთ შეამჩნია და დაამტკიცა კიდეც იმ შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელმაც ეს სპექტაკლი განახოციელა ბატონი ოთარ კუტალაძის რეჟისორობით.
მოკლედ რომ ვთქვა, ოზურგეთის განახლებულ თეატრში მეხუთე დიდებული პრემიერა შედგა, რომელშიც მსახიობებმა თეატრმცოდნეებისთვის მეტად საინტერესო და მაყურებლისთვის დიდხანს დასამახსოვრებელი მეტყველი პორტრეტები შექმნეს.
ბრავო!
ასეთი, ერთობლივად წარმატებული წარმოდგენის შემთხვევაში ცალკეულად რომელიმე მსახიობის გამოყოფა თითქოს მიზანშეუწონელია, მაგრამ რომ არ ვთქვა და არ გამოვყო, ალბათ, არ ვიქნები მთლად მართალი: მე აქ მსახიობ შორენა გვეტაძის ბენეფისი დავინახე. შორენა სხვა როლებშიც მინახავს, მომწონებია კიდეც, მაგრამ ამ სპექტაკლში ის, ჩემი აზრით, შეუდარებელია.
თეატრის ისტორიიდან ჩანს, რომ
თეატრის ისტორია გვამცნობს, რომ ედუარდო დე ფილიპოს `ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი~, იგივე ოთარ კუტალაძის რეჟისორობით, აქ 21 წლის წინათაც ოვაციებით მიუღია მაყურებელს. კარგი იქნებოდა გახსენება და ორიოდე სიტყვით ამ პრემიერების ერთმანეთთან შედარება, მაგრამ, სამწუხაროდ, 21 წლის წინანდელი არ მაქვს ნანახი.

დღეს ქართულ თეატრალურ სამყაროში თითქმის ყველას აკერია პირზე. სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ვასო ჩიგოგიძის სწორად შერჩეულმა სტრატეგიამ და პოლიტიკამ, სხვა თეატრებიდან რეჟისორებისა და მსახიობების მოწვევამ, თეატრალური ხელოვნებისადმი ახლებურად მიდგომამ თეატრი იმ მწვერვალს შეუყენა, რომლის საოცრად მაღალი პიკის კონტურები უკვე გამოიკვეთა. არ მიკვირს, რომ აქ დღეს რეჟისორების ცოცხალი რიგია, არც ის, რომ ყურმოკრული ინფორმაციით, ზოგიერთი ადგილობრივ ხელისუფლებაში სატელეფონო ზარით ცდილობს `საქმის ჩაწყობას~ მინიმუმ ერთი სპექტაკლის დადგმისთვის. გურულების საფიცარ თეატრში თუ ამ ტემპით გაგრძელდა შემოქმედებითი პროცესი, ხსენებულ პიკზე მოქცევას დიდი დრო არ უნდა დააგვიანდეს. მერე? მერე ის, რომ წინ კიდევ მრავალი მწვერვალი და პიკია.
და ბოლოს, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და პანდემიური სიტუაციების ფონზე, ქუჩაში იშვიათად წააწყდებით ადამიანებს მომღიმარი სახეებით. ოზურგეთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ვინმე ასეთი შენიშნეთ, მერწმუნეთ, ის უსათუოდ ოზურგეთის თეატრიდან გამოსული, სპექტაკლის ნახვით ნასიამოვნები მაყურებელი იქნება.

ავტორი თემურ მარშანიშვილი
წყარო: alion.ge


ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა