საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

თეატრის ისტორია


ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამავდროულად, ოზურგეთის თეატრი პირველი და დღემდე ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიაში.

ოზურგეთში სათეატრო ხელოვნების ისტორია მამია V გურიელის (1789-1828 წ.წ.) სახელს უკავშირდება. პირველი ცნობები წარმოდგენების გამართვის შესახებ, რომელიც ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებშია დაცული, სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა. მამია V გურიელმა თავის სასახლეში მოაწყო ევროპული ტიპის სალონი, სადაც უცხოელი და ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებს არა მხოლოდ კითხულობდნენ საჯაროდ, არამედ დგამდნენ სცენებს ცნობილი ნაწარმოებებიდან.

მე-19 საუკუნის დასაწყისში გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში ხშირი იყო წარმოდგენების გამართვის შემთხვევები. წარმოდგენებს მართავდნენ კერძო სახლებში, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებში, სკოლისა და საზოგადო საკრებულოს დარბაზებში, ხოლო შემოსულ თანხას იყენებდნენ ქველმოქმედებისათვის სკოლების, სამკითხველოებისა და ახალგაზრდების განათლების სასარგებლოდ. ამ სცენისმოყვარეთა წრიდან გამოვიდნენ შემდგომში ქართული თეატრის ცნობილი მოღვაწენი, რეჟისორები და მსახიობები: ეველინა და ცეცილია წუწუნავები, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ვასო ურუშაძე, ალექსანდრე წუწუნავა, ატატო ბებურიშვილი და სხვები.

ოზურგეთში ქართული თეატრის დაარსების თარიღად 1868 წელს მიიჩნევენ ქართული თეატრის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარები: ვასილ კიკნაძე, გუგული ბუხნიკაშვილი, კოტე ნინიკაშვილი და სხვები. წარმოდგენის გამართვის ფაქტს ადასტურებს გაზეთ „დროებაში“ (N 10; 1868 წ.) გამოქვეყნებული ცნობა.

1895 წელს სცენისმოყვარეთა წრეს სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე წუწუნავა, შემდგომში ქართული კინოსა და პროფესიული რეჟისურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომლის სახელი ოზურგეთის თეატრს მიენიჭა 1968 წელს, 100 წლის იუბილეზე.

1919 წელს თეატრის ხელმძღვანელია რეჟისორ-მსახიობი სოსო ჟივიძე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ ეტაპზე ოზურგეთის დრამატულ დასებს ხელმძღვანელობდნენ: სამსონ ხურციძე, აკაკი ღლონტი, სოსო ჟივიძე. მოიწვიეს პროფესიონალი მსახიობებიც: ელენე აბაზაძე, დავით აბდუშელი. დასი შეივსო ახალი სცენისმოყვარეებით: ბუჟუჟა შავიშვილი, ბიძინა წულაძე (შემდგომ რუსთაველის თეატრის მსახიობები), ცეცილია წუწუნავა (შემდგომ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი), სიკო დოლიძე (შემდგომ ცნობილი კინორეჟისორი), სოფიო თოხაძე, თამარ დუმბაძე, მარო შავიშვილი, ბაბულია შავიშვილი, თამარ ბილიხოძე, ალექსანდრა ასათიანი, ევგენია მამულაშვილი, ნადია თოთიბაძე, ნინო ჩიგოგიძე, პელო ქარცივაძე, ლეონიდე სიხარულიძე, ნიკოლოზ დოლიძე, ალექსანდრე მაღულარია, სიმონ შავიშვილი, ალექსანდრე ბოკერია, დიომიდე ჭანტურიშვილი, ალექსანდრე იასაღაშვილი, პიმენ თალაკვაძე, ნეოფიტე ჭეიშვილი, აკაკი ბაქანიძე, აკაკი სურგულაძე, ნერონ ნანაძე...

მეორე მსოფლიო ომის (დიდი სამამულო ომის) წლებში მახარაძის (მაშინ ასე ეწოდებოდა) თეატრის დასის ძირითადი ნაწილი ფრონტზე იყო გაწვეული. თეატრის ხელმძღვანელად მოწვეული იყო რეჟისორი სერგო ახალაძე, რომელმაც რამდენიმე პატრიოტული ჟღერადობის სპექტაკლი განახორციელა: „პირისპირ“, „პარტიზანები“, „და-ძმა“, „ჩემი შვილი“, „ვინ არის დამნაშავე“.

1941 წლის ოქტომბრიდან 1942 წლის გაზაფხულამდე თეატრმა შეწყვიტა მუშაობა. სერგო ახალაძემ და დირექტორმა დიმიტრი შარაშენიძემ შეკრიბეს დარჩენილი დასი, რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის, უმრავლესობა ქალბატონები და აღადგინეს თეატრში შემოქმედებითი ცხოვრება. თეატრს საკუთარი შემოსავლით უნდა ეცხოვრა, ვინაიდან სახელმწიფო რესურსები ომზე იყო მიმართული. ომის შემდეგ თეატრში მთავარ რეჟისორებად მუშაობდნენ: გ. როსება, ლ. სიხარულიძე, ს. ახალაძე, თ. წეროძე, ო. თალაკვაძე. ცალკეული დადგმები განახორციელეს: ო. ალექსიშვილმა, შ. კილოსანიძემ, ვ. ნინიძემ, გ. ლაღიძემ, ბ. ნაკაიძემ, ს. თოიძემ, მ. სულთანიშვილმა.

თეატრის ომის შემდგომ ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს დამსახურებული არტისტი ბეჟან ნაკაიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ოზურგეთის თეატრის დირექტორი. ადმინისტრაციული თანამდებობის მიუხედავად, ის პირველ ყოვლისა იყო მსახიობი და რეჟისორი. ამ დროს მთავარი რეჟისორია ოთარ თალაკვაძე. ბ. ნაკაიძის ხელმძღვანელობის წლებს უკავშირდება 1958 და 1964 წლების წარმატებული გასტროლები დედაქალაქში. იგი თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელია. საგასტროლო რეპერტუარში იყო გ. ბერძენიშვილის „დაჭრილი არწივი“ (რეჟ. გრ. ლაღიძე), ვ. კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟ. ო. თალაკვაძე), ვ. დარასელის „კიკვიძე“ (რეჟ. თ. წეროძე), პ. ლორია „მევლუდი“ (რეჟ. რ. კაცია). ამ სპექტაკლებმა მაყურებელთა და თეატრალური კორიფეების აღფრთოვანება გამოიწვია. საუკეთესო შეფასება დაიმსახურეს მსახიობებმა. რესპუბლიკურ პრესაში აღნიშნავდნენ გარკვეულ მსახიობთა წარმატებას. დიდი მოწონება დაიმსახურეს არტისტებმა: ვ. ბაჯელიძემ, ბ. ნაკაიძემ, ვ. დოლიძემ, შ. ცქიტიშვილმა, ლ. თურმანიძემ, რ. ლომინაძემ, ა. ანდღულაძემ, ი. არობელიძემ, მ. წიგნაძემ.

***

პერსონები ოზურგეთის თეატრის ისტორიიდან

დირექტორები -დიმიტრი სიმვულიდი, კიტა კვაშალი, ლადო მალაზონია, სერგო ახალაძე, ბეჟან ნაკაიძე, გივი თავაძე, ვაჟა ჭანუყვაძე, ილია მაცხონაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, რეზო სარიშვილი, ზაზა ჯინჭარაძე

რეჟისორები - ალექსანდრე წუწუნავა, ვასო ყუშიტაშვილი, გიორგი როსება, გრიგოლ ლაღიძე, სამუელ თოიძე, ოთარ თალაკვაძე; თედო წეროძე; სერგო ახალაძე, ლერი პაქსაშვილი, იგორ საბო, ოთარ კუტალაძე, შალვა ურუშაძე; შოთა ბაბილოძე

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები - სესილია თაყაიშვილი, სიკო დოლიძე

საბჭოთა კავშირის გმირი - სერგო ჩხაიძე

საქართველოს სახალხო არტისტები - ალექსანდრე წუწუნავა, ვასო ყუშიტაშვილი, გიორგი როსება, სესილია წუწუნავა, ვიქტორ ნინიძე; გიგოლა თალაკვაძე; ქეთევან ბოჭორიშვილი; სანდრო ჟორჟოლიანი; გიორგი სალუქვაძე; ლამარა თურმანიძე; რომან ლომინაძე; მიხეილ შავიშვილი; ლადო მექვაბიშვილი, რომან ლომინაძე, ლამარა თურმანიძე, გაბრიელ მდინარაძე

საქართველოს დამსახურებული არტისტები - ეველინა წუწუნავა; სამსონ ხურციძე; ევტროფი თალაკვაძე; ვალოდია დოლიძე; ლადიკო ბაჯელიძე; შურა ცქვიტიშვილი; სერგო ლომიძე; ლუბა კალანდაძე; გრიშა კალანდაძე; მიშა წიგნაძე; მადლენა დონაძე; ანა ანდღულაძე; გივი ახმეტელი; ბეჟან ნაკაიძე, ოლია მოლარიშვილი; ვახტანგ მეგრელაძე; ილია არობელიძე, გრიგოლ თალაკვაძე, ვლადიმერ მექვაბიშვილი, ამირან ქადეიშვილი, ნუგზარ ბარამიძე, ომარ ურუშაძე, ზაირა თოთიბაძე

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები - ლადო მალაზონია, სერგო ახალაძე, გრიგოლ ლაღიძე, სამუელ თოიძე, ლერი პაქსაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე

კულტურის დამსახურებული მუშაკები - იური ჯიჯიეშვილი, რეზო სარიშვილი, შოთა დარჩია, მამია თუთაიშვილი; ვაჟა ჭანუყვაძე, მიხეილ გოლიაძე, კოკი ღლონტი, ელგუჯა ახალაძე

***

2005 წ. თეატრის დირექტორი, 2006-13 წლებში მმართველი, 2013 წლიდან დირექტორია მსახიობი ზაზა ჯინჭარაძე. მძიმე წლებში, როგორც ხელმძღვანელმა, მან ფაქტობრივად გადაარჩინა თეატრი. მუდმივი ცვლილებების ფონზე ღირსეულად უძღვებოდა თეატრს რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა აქტივობაში - შეძლო წლობით გაყინული სახელფასო დავალიანების გაცემა, გაიზარდა თეატრის ბიუჯეტიც, განახლდა საიუბილეო საღამოები, ფესტივალებში მონაწილეობა, გასტროლები ქვეყანაში და უცხოეთში (თურქეთი).

2012 წლის 27 აპრილს ოზურგეთის თეატრის წინ გაიხსნა პირველი ვარსკვლავური ხეივანი. თეატრის კიბეებზე საქართველოს სახალხო არტისტის გაბრიელ მდინარაძის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ლიტვა-საქართველოს მეგობრობის ცენტრის თანათავმჯდომარის ვასილ ჩიგოგიძისა და საქართველოს დამსახურებული არტისტის ამირან ქადეიშვილის ვარსკვლავები გაიხსნა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი ოზურგეთის თეატრში არის 1975-90 წ.წ. და 2013 წლიდან დღემდე - ვასილ ჩიგოგიძის ხელმძღვანელობის წლები.

1980 წელს, როცა იგი მახარაძის თეატრის მთავარი რეჟისორი, შემდგომ კი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი გახდა, ჩაეყარა საფუძველი მახარაძის თეატრისა და მოსკოვის სამხატვრო თეატრის შემოქმედებით მეგობრობას. ამ მეგობრობის ერთ-ერთი შედეგი იყო მახარაძის თეატრში სამხატვრო თეატრის რეჟისორის ვლადიმერ სალიუკის მოწვევა, რომელმაც ა. ოსტროვსკის პიესა „უდანაშაულო დამნაშავენი“ დადგა. სპექტაკლში კრუჩინინას როლი შეასრულა სამხატვრო თეატრის მსახიობმა სვეტლანა კორკოშკომ. სპექტაკლი წარმატებით იქნა ნაჩვენები თბილისში და მოსკოვში სამხატვრო თეატრის სცენაზე.

1987 წლის აპრილში თეატრის კოლექტივი გაემგზავრა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე დაბა იკაბიის ქართველ მშრომელებთან შესახვედრად. სპეციალურად ამ გასტროლისთვის დაიდგა ნოდარ დუმბაძის „გამარჯობა, ხალხო!“ („მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ მიხედვით; ინსცენირება კოტე ნინიკაშვილის). ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია ოზურგეთის თეატრის ისტორიისთვის და არა მხოლოდ. ვინაიდან, ოზურგეთის თეატრი არის ერთადერთი ქართული თეატრი, რომელმაც სპექტაკლები გამართა ბამზე. იმავე წელს, თეატრმა მოსკოვის სამხატვრო თეატრში წარმოადგინა ორი სპექტაკლი: „გამარჯობა, ხალხო!“ და „უდანაშაულო დამნაშავენი“. „გამარჯობა, ხალხო!“ გახმაურებული და წარმატებული სპექტაკლია, იგი სსრკ საკავშირო ტელევიზიის პირველმა არხმა გადაიღო და ორჯერ საკავშირო მასშტაბით აჩვენა.

ვ. ჩიგოგიძის ინიციატივით 80-იანი წლებიდან ოზურგეთის თეატრთან არსებობს ანსამბლი „სახიონი“, რომლის წევრებიც თეატრის მსახიობები არიან. დღეს ჯემალ კეჭაყმაძე, ომარ ურუშაძე და თემურ კვირკველია და ახალგაზრდები - გენადი ნიკოლაშვილი, ლევან საღინაძე, ნიკა ძნელაძე წარმოადგენენ ამ ანსამბლს, რომელიც პოპულარულია მთელ საქართველოში და განსაკუთრებით სოციალურ ქსელში.

ოზურგეთის თეატრში ვასილ ჩიგოგიძის თაოსნობით დაარსდა თეატრალური სტუდია, რომელშიც სწავლობდნენ სკოლის მოსწავლეები სკოლაში სწავლის პარალელურად. ეს ტრადიცია თეატრში დღესაც გრძელდება.

1988 წ. მასშტაბურად აღინიშნა თეატრის 120 წლის იუბილე.

1989 წელს ვასილ ჩიგოგიძის ინიციატივით საბჭოთა კავშირის პერიოდში თითქმის შეუძლებელი ორი პროექტი განხორციელდა: - იშვიათობა იყო გაცვლითი პროგრამები უცხოურ და ქართულ თეატრს შორის, მით უმეტეს, უცხოელი რეჟისორის მოწვევა, ან პირიქით, ქართველი რეჟისორის მიწვევა საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ვასილ ჩიგოგიძის ინიციატივით უნგრელმა რეჟისორმა შანდორ იანოშმა ასევე თანამედროვე უნგრული პიესა „დღეობა“ ოზურგეთის თეატრის სცენაზე დადგა, რასაც მოყვა თეატრის გასტროლი უნგრეთში. შედგა ზალაეგერსცეკის თეატრთან დამეგობრება და გაცვლითი პროექტები. გარეთ. დღეს მსგავს პროექტებს კოპროდუქციებს უწოდებენ. კიდევ მეტი იშვიათობა იყო შემოქმედებითი კავშირები „კაპიტალისტურ“ ქვეყნებთან. ოზურგეთის თეატრი ამ მხრივაც ბედნიერი გამონაკლისია. 1986 წელს იგი გასტროლით გაემგზავრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სათავე დაედო ოზურგეთისა და შტუტგარდის თეატრების მეგობრობას. 1990 წელს ვ. ჩიგოგიძემ დატოვა ოზურგეთის თეატრი.

2013 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წარდგინებით იგი კონკურსის წესით დაინიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. ვასილ ჩიგოგიძემ ძირეული რეფორმების განხორციელება დაიწყო თეატრში. გაამრაველფეროვანა სარეპერტუარო პოლიტიკა სამი მიმართულებით: ახალგაზრდა რეჟისორების ექსპერიმენტები, მაესტროების სპექტაკლები და კლასიკური რეპერტუარი. მისი დაბრუნების შემდეგ თეატრის რეპერტუარში არის სპექტაკლები დადგმული სხვადასხვა თაობის და მსოფლმხედველობის, სტილისტიკის რეჟისორების მიერ.

2013 წლიდან დღემდე თეატრის დირექტორია ზაზა ჯინჭარაძე. მისი ენერგია და რესურსი ძირითადად თეატრის მენეჯმენტის მიმართულებით იხარჯება, პარალელურად ის თეატრის მოქმედ მსახიობად რჩება და მონაწილეობს სპექტაკლებში.

თეატრს არ შეუწყვეტია შემოქმედებითი პროცესი ფონდის „ქართუ“ მიერ შენობის სრული რეაბილიტაციის დროს, განახორციელა საგასტროლო ტურნე საქართველოს ქალაქებსა და უცხოეთის ქვეყნებში; ადგილზე ამოქმედდა ალტერნატიული სცენა სოფელ გურიანთის კულტურის სახლში, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლესა და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში.

თეატრი მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის, გორის კომედიის და ფოთის რეგიონული თეატრების, ახალციხის (მესხეთის) ქართული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალებში - თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და უკრაინაში. გაიმართა გასტროლები ქვეყანაში და საერთაშორისო მასშტაბით; 2019 წელს თეატრის ინიციატივით და გასტროლით უკრაინაში, განახლდა ოზურგეთისა და გენიჩესკის მეგობრობა, რომელსაც 1938 წელს დაედო სათავე.

განსაკუთრებული მოვლენა იყო ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზება 2016 წელს, რომლის დამფუძნებელი ოზურგეთის თეატრია. იდეის ავტორი ვასილ ჩიგოგიძე გახლავთ. ფესტივალი ტარდება ყოველ ორ წელიწადში.

2019 წელს შეიქმნა ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების ასოციაცია, რომლის დამფუძნებელთა შორისაა ვასილ ჩიგოგიძე და ოზურგეთის თეატრი.

2023 წელს თეატრი 155 წლის იუბილეს იზეიმებს.

XX საუკუნის 30-იანი წლები

დასი, 70–იანი წლები, დირექტორი ვაჟა ჭანუყვაძე, მთავარი რეჟისორი გურამ აბესაძე

დასი ილია მაცხონაშვილთან ერთად 1978 წ.

ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა