საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

შენობის ისტორია


ოზურგეთის თეატრის შენობა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია საქართველოში. იგი მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, მინიჭებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. ნაგებობაზე მუშაობდნენ არქიტექტორები: ვანო ქადიეშვილი, კოტე ჩხეიძე, მოქანდაკეები ც. თოფურიძე, ჯაფარიძე, ჭერის მხატვრობა ა. ქუთათელაძეს ეკუთვნის, შენობის სტილი ნეოკლაკლასიკურია. ჭერზე მხატვრული პანოს არსებობამ განაპირობა ის, რომ ოზურგეთის თეატრს დიდ დარბაზში ჭაღი არ აქვს.

გიგანტური, ხუთსართულიანი სათეატრო ნაგებობის საერთო მოცულობა 7 000 კვადრატული მეტრია, სიგრძე - 85, სიგანე - 40, სიმაღლე -25 მეტრი.

თეატრს აქვს დიდი სცენა 450 კაციანი მაყურებელთა დარბაზითა და ორი იარუსით, სადაც განლაგებულია ლოჟები. იარუსები ქართული სტილის ორნამენტებითაა მოჩუქურთმებული. მოაჯირები, სცენის პორტალი, თუ სხვა დეტალები თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო სახელოსნოს მოსწავლეების გამოძერწილია მოქანდაკე ვახტანგ ბოტკოველის და ლევან ეგიზაროვის ხელმძღვანელობით.

პარტერი ნახევრად წრიულია, ამფითეატრის პრინციპზე განლაგებულია სავარძლები. სცენის სიგრძე 15 მ, სიგანე 20 მეტრი, სიმაღლე 18 მეტრი. სცენის შუაში მოთავსებულია 11 მეტრი დიამეტრის მქონე მექანიკური მოძრავი წრე.

მეხუთე სართულზე მდებარე მცირე სცენა (8X5 მ.) გათვლილია 80 - 100 მაყურებელზე.

შენობას გააჩნია კიდევ რამდენიმე სივრცე სპექტაკლებისა და ღონისძიებების გასამართად: სამხატვრო გალერეა (სხვენზე, დღის შუქით), დიდი სარეპეტიციო დარბაზი, პერსპექტივაში ლიტერატურული სალონი, კაფე (სარდაფი) და ღია ტერასა.

შენობის გარეკედლები მოპირკეთებულია ეკლანის თეთრი ქვითა და მოლურჯო გრანიტით, გადახურულია თუნუქით. თეატრს აქვს დიდი მოცულობის სარდაფი (120 კვ.მ.).

მშენებლობა გრძელდებოდა 1934-61 წლებში, ამორტიზებულ შენობას სრული რეაბილიტაცია, ჩაუტარდა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, რაზედაც დაიხარჯა 20 მილიონი ლარი 2016-2020 წლებში. რეაბილიტაციის პერიოდში ოზურგეთის თეატრი გურიანთის კულტურის სახლსა და სხვადასხვა ალტერნატიულ სივრცეში მართავდა სპექტაკლებს.

თეატრის შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის; აქვს სარეპეტიციო ოთახები, საგრიმიოროები, გაბრიელ მდინარაძისა და ამირან ქადეიშვილის სახელობითი საგრიმიოროები მოსასვენებლით, სასტუმრო მოწვეული პერსონებისათვის, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად, სარეკვიზიციო სათავსოები, ქორეოგრაფიული დარბაზები, დიდი ოთახი მუზეუმისთვის, სამკერვალო, სამხატვრო, სადეკორაციო სახელოსნოსთვის და სხვა.



რეაბილიტაციამდე და შემდგომ (2015 და 2021 წლები)

ამ გარემოში მოხვედრამდე ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრმა გრძელი გზა განვლო:

უბინაობა - მეცხრამეტე საუკუნის დასარულს, წარმოდგენები იმართებოდა სკოლებში, საზოგადოებრივ საკრებულოებში, ოზურგეთში განლაგებულ ჯარის ყაზარმებში, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებში, ოდასახლების აივნებზე, ნაქირავებ სახლში, ქალაქის ბაღში „როტონდაში“, (სახლიც და „როტონდაც“დაიწვა), მსახიობ ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახლში...

თეატრის პირველი შენობა - 1914 წელს, სადაც ამჟამად სასტუმრო „გურია“ მდებარეობს (გურიის ქუჩა), კინოსა და თეატრის ცნობილი მოღვაწისა და მეცენატის, ოზურგეთის მკვიდრის გერმანე გოგიტიძის თაოსნობით თეატრი აიგო 250-კაციანი დარბაზითა და მოძრავი სცენით (გერმანე გოგიტიძეს მშენებლობაში მხარში ედგა გავლენიანი პირები: ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ (სტავა) კალატოზიშვილი). ეს იყო ელექტროენერგიით განათებული პირველი შენობა ოზურგეთში.

ძველი თეატრი, ლადო მალაზონიას ნახატი

„ბაღის თეატრი“- 1920 წელს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თეატრის ადგილზე აეშენებინათ სასტუმრო. ახალი სათეატრო შენობის ასაგებად გამოიყო ადგილი. თეატრს დროებით უნდა ემუშავა კინოსთან ერთად (კინოხელოვნებით დაინტერესება ოზურგეთში ჯერ კიდევ 1914 წლიდან მუნჯი ფილმების ჩვენებით დაიწყო) „ბაღის თეატრში“ (სადაც ახლა მდებარეობს თეატრი).

„ფანერის თეატრი“- ბაღში ჩადგეს რკინის კარკასებითა და მორებით შეჭედილი შენობა, რომელიც მოაპირკეთეს ფანერით და შეღებეს შიგნით ცისფერი ზეთოვანი საღებავით (აქედან მიიღო „ბაღის თეატრის“ ნაცვლად ოხუნჯობით „ფანერის თეატრის“ სახელწოდება, მას ჩვენი დღევანდელი თეატრის მხრიდან ჰქონდა სიგრძის საკმაოდ განიერი ფოიე, სცენა კი ცალკე იყო ხის ბოძებზე და უერთდებოდა მიწაში ჩატანებულ ცემენტის იატაკს (იგი საზაფხულო თეატრად იყო აგებული), მისასვლელთან მიშენებული ჰქონდა კინოჯიხური, კონოსეანსების სადემონსტრაციოდ.

„ფანერის თეატრი“ აშენდა 1920-21 წლების სეზონში და იარსება 1938 წლამდე.

ხიზნობა კულტურის სახლში - 1938 წლიდან თეატრი გადადის იქვე მოედანზე ყოფილ სამხედრო შენობაში (ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა ზემდგომი ორგანოების მეშვეობით ძვლივს მიაღწია თეატრის მასში შესვლის უფლებას, რომელშიც შემდეგ კულტურის სარაიონო სახლი მუშაობდა). შენობა შეკეთდა, თუმცა იქ თეატრისათვის სივიწროვე იყო.

თეატრის შენობის მშენებლობა -დღევანდელი შენობის აგება 1933 წლიდან დაიწყო. გაზეთ „ლენინის დროშის“ 1933 წლის 24 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცის თანახმად, ქალაქის პარტიული აქტივის კრებამ განიხილა საკითხი საქალაქო მეურნეობის განვითარების შესახებ და დაადგინა, რომ საფუძველი ჩაეყაროს ახალი თეატრის მშენებლობას, შენობა დაიტევს 1 000 მაყურებელს. საქართველოს მთავრობამ ნება დართო რაიონს, რომ თეატრის მშენებლობაზე დაეხარჯა ციტრუსოვანთა ნაყოფის გეგმის ზევით დამზადების შედეგად მიღებული 100 000 მანეთი. ამ საქმეში ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის იმჟამად მახარაძის რაიკომის პირველ მდივანს _ ვასო სიხარულიძეს. სწორედ მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო თეატრის მშენებლობა.

ალეგრობა და რეპრესია - ორგანიზებულად შეიქმნა თეატრის მშენებლობის კომიტეტი. ინჟინერ-არქიტექტორმა ვანო ქადეიშვილმა შეადგინა პროექტი. 1934 წლის დამდეგს პირველად დაიკრა ბარი ქალაქის ბაღის ტერიტორიაზე თეატრის შენობის ასაგებად. პირველად მშენებლობის უფროსი იყო პავლე მახარაძე, სამუშაოთა მწარმოებელი - პროკობი თავდუმაძე, რომელიც 1934 წლის სექტემბრიდან შეცვალა პროკობი შარაძემ და იგი დარჩა მშენებლობის ტექნიკურ ხელმძღვანელად ბოლომდე. სარდაფის ქვაბულიდან მიწა ამოჰქონდათ ხელით, საზიდრებით, ნატანების და ბჟუჟის ნაპირებიდან ურმებით მოჰქონდათ ქვა და ხრეში (ავტომობილებით შრომა ჯერ კიდევ არ იყო), გამოყენებული იქნა შემოქმედის ქვის კარიერიც...

მშენებლობაზე მუშაობდნენ კალატოზები სერგო ჩხიკვიშვილი, კაპიტონ კალანდარიშვილი, ექვთიმე კილაძე და სხვები. არ ჰყოფნიდათ სახსრები. თანხა შეივსო დიდი ალეგროების მოწყობით, თეატრის ნახაზის ფოტოსურათების რეალიზაციით, ცალკეულ ადამიანებს თეატრის მშენებლობის ფონდში შეჰქონდათ თავიანთი ხელფასის ნაწილი... 1936 წლის ბოლოსათვის დამთავრდა მიწის სამუშაოები, აიგო სარდაფის კედლები, დაიწყო აგურის წყობა მთელ კონტურზე, მოეწყო კარ-ფანჯრების ზემოთა რკინა-ბეტონის ზღუდეები... უსახსრობისა და საბჭოთა რეპრესიის გამო 1937 წელს შეწყდა მუშაობა:

„ - დადგა 1937 წელი და არა მარტო მშენებლობა შეჩერდა, ინიციატორებიც დახვრიტეს და ძვლივსძლივობით შეგროვებული სამშენებლო მასალები ერთ–ერთი ოზურგეთელი მოქალაქის, პატიოსანი და განათლებული კაცის – ივლიანე სულუხიასათვის ჩამორთმეული საცხოვრებელი სახლის ციხე–საპყრობილედ გადასაკეთებლად წაიღეს, რათა ადვილად მოეხერხებინათ ასეულობით მოგონილი ხალხის მტრების მოშთობა.“- წერს სოლომონ გოგუაძე. მამამისმა, ოზურგეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ კირილე სოლომონის ძე გოგუაძემ და მისმა მეგობრებმა სხვებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარეს თეატრის მშენებლობას, მაგრამ „რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობა ამ საშვილიშვილო საქმეს გულგრილად შეხვდა, თანხები არ გამოყო მშენებლობისათვის, ყველაფერი ადგილობრივი სახსრებით უნდა დაფინანსებულიყო“. ოზურგეთის ხელისუფლებამ კ. გოგუაძის როგორც ხელისუფლებისა და მშენებლობის საინიციატივო კომიტეტის მეთაურის თაოსნობით გურიის მოსახლეობას შემოწირულობის სახით გააწერეს წელიწადში ერთი მანეთი. თანხა ძირითადად, საძირკველის (რომელშიაც კ. გოგუაძის გვარსახელიც არის ჩატანებული) ამოყვანას ხმარდებოდა.

კ. გოგუაძის ოჯახიდან თეატრის შენობის მაკეტი ავეჯთან ერთად იქნა კონფისკებული როგორც კონტრევოლუციონერის ანტისაბჭოთა პროპაგანდისტის, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისათვის შექმნილი ცენტრის მეთაურის ოჯახიდან ამოღებული ნივთმტკიცება. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მოსახლეობისთვის თეატრის მშენებლობისათვის ფულის გადახდევინებით კირილე გოგუაძე, ხელოვნურად ქმნიდა უკმაყოფილებას ხალხსა და პარტიას შორის. ხელისუფლებამ არც ვ. სიხარულიძე დაინდო და სწორედ ამ მიზეზით, მაგრამ სხვა მოტივით დაიჭირეს.

თეატრის მაკეტი -პირვანდელი პროექტით თეატრის შენობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტებს მრავლად შეიცავდა და ქანდაკებებით დამშვენებას ვარაუდობდა, მაგრამ შემდეგ იგი უგულებელყვეს.

რეპრესიებს დაერთო მეორე მსოფლიო (დიდი სამამულო) ომი...

სახალხო მშენებლობა - მხოლოდ 1950 წელს განახლდა შეწყვეტილი მშენებლობა. შენობის ძველი პროექტის გადასინჯვა და ახლის შედგენა ინჟინერ-არქიტექტორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატ კოტე ჩხაიძეს მიენდო. მშენებლობის წარმოება საქალაქო საბჭოს კომუნალური მეურნეობის განყოფილებას დაევალა. მშენებლობაში მოხალისედ აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობა. 1952 წლის დამლევისათვის შენობის კედლების კონტური აიწია მიწის ზედაპირიდან 12 მეტრ სიმაღლეზე და... მშენებლობა კვლავ შეწყდა.

1955 წლის დამლევს სამუშაოები კვლავ განახლდა. მშენებლობა მახარაძის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მიენდო, მაგრამ ადგილი ჰქონდა გარკვეულ წყვეტილობას. თეატრის შენობის აგება გამოცხადდა სახალხო მშენებლობად, ორგანიზებულად მონაწილეობდნენ მასში მუშები, კოლმეურნეები, მოსამსახურეები. მშენებლობა მომარაგდა თანამედროვე მექანიზმებითა და მოწყობილობებით. მოსკოვიდან, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ საუკეთესო სპეციალისტები.


1961 წ. მარჯვნიდან -ვახტანგ თოხაძე, მახარაძის რაიკომის პირველი მდივანი, ალექსანდრე თოიძე, მახარაძის აღმასკომის თავმჯდომარე, ცკ პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე, უჩა ურუშაძე, მახარაძის რაიკომის მესამე მდივანი

მშენებლობა დამთავრდა 1961 წელს. 1962 წლის 10 მარტს, დღის ორი საათისათვის თეატრის ახალი შენობისაკენ დაიძრა მაყურებელთა პირველი ნაკადი.

საზეიმოა თეატრისათვის 2021 წელს, რეაბილიტაციის შემდგომ პირველი სპექტაკლის გამართვის თარიღი.

წყაროები ამ თემაზე:

• მამია კილაძე, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენოსანი,

• მიხეილ გოლიაძე, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი,

• გაზეთი „დამოუკიდებელი სიტყვა“ 1999 წ. #1

• გაზეთი „ალიონი“, 2000 წ. 1 აპრილი, „სიკეთისათვის ბრალდებული“, სოლომონ გოგუაძე

• „სათეატრო შენობები და ინტერიერები ოზურგეთში“; „ახალი ადამიანის აღზრდის ტაძარი“, „ლენინის დროშა“, 1962 წ. მამია კილაძე















სამხატვრო გალერეა სხვენზე

ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა