საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      153-ე თეატრალური სეზონი                      საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
მთავარი სიახლეები აფიშა სალარო ფესტივალი კონტაქტი ENG

ალექსანდრე წუწუნავა


ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავა ( 28 იანვარი, 1881, ლიხაური — 25 ოქტომბერი, 1955, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1934). ალექსანდრე წუწუნავამ დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1893 წელს ოზურგეთში ჩამოვიდა ცირკი ამერიკიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მილიონერები: მანია გორდფუა და იულია კუკი. ცირკმა ოზურგეთში ერთი წელი დაჰყო. მაყურებელი ბლომად ჰყავდა. „ახალგაზრდობა ძლიერ გაიტაცა ამ სანახაობამ. ალექსანდრე წუწუნავამ, ვასო ურუშაძემ და სამსონ ხურციძემ გადაწყვიტეს, რაც არ უნდა დაჯდომოდათ არტისტები გამხდარიყვნენ“ (ს. ხურციძე, „მოგონებანი გურიის თეატრის შესახებ“, თ. ი. მ.; საქმე N83, გვ. 2).

1895 წელს ალექსანდრე წუწუნავას ხელმძღვანელობით ოზურგეთში დაარსდა სცენის-მოყვარეთა წრე. წრის ამოცანებს შეადგენდა: წარმოდგენების გამართვა და შემოსული თანხებით დახმარების გაწევა საქველმოქმედო მიზნით. აგრეთვე სპექტაკლების ჩატარება როგორც ოზურგეთში, ისე სოფლებში (ბახვი, დვაბზუ, შემოქმედი, ასკანა და ა. შ.), რითაც საფუძველი ეყრებოდა სცენის მოყვარეთა გაწრთვნასა და ქალაქის თეატრის შექმნას.

1903 წელს ალექსანდრე წუწუნავამ ოზურგეთში დადგა ა. ცაგარელის „ციმბირელი“ და „ჭკუისა მჭირს“. ამის გამო გაზეთი „ივერია“ (N 14; 1904.) წერდა: „სიამოვნებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენმა სცენისმოყვარეებმა მშვენივრად წარმოადგინეს ორივე პიესა, განსაკუთრებით „ციმბირელი“. თითქმის ყველამ კარგად იცოდა თავისი როლი. განსაკუთრებით, შესანიშნავად შეასრულეს თავიანთი როლები და ძლიერ ასიამოვნეს დამსწრე საზოგადოებას ნ. ჯაყელმა (ნარგიზა) და ე. წუწუნავამ (მაშო), ბევრი აცინა საზოგადოება სამსონ ხურციძემ – პეტრუას როლში.“

1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ვ. ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, 1901-05 წლებში თბილისის ქართულ თეატრში,1905-10 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. რეჟისორის პროფესიას იქ კონსტანტინე სტანისლავსკისთან და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოსთან დაეუფლა. მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა რუსეთის პირველი რევოლუციის წლებს. წუწუნავა აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში და გვერდიდან იარაღსაც არ იშორებდა. მოსკოვში სხვა ქართველებთან ერთად იცავდა მწერალ მაქსიმ გორკის.

1906 წელს ა. წუწუნავამ მოსკოვის სამხატვრო თეატრთან დაიწყო თანამშრომლობა, მალე იგი გადავიდა სარეჟისორო კურსებზე, სადაც ოთხი წელი დაჰყო. ა. წუწუნავა საქართველოში პროფესიული განათლებით დაბრუნდა (მან პირველმა აზიარა ქართული თეატრი სამხატვრო თეატრის პრინციპებს).

1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ 1914-16 წლებში თბილისის სახალხო სახლში და რუსულ თეატრში.

ალექსანდრე წუწუნავა თავისუფალ დროს ბრუნდებოდა ოზურგეთში და მართავდა წარმოდგენებს. ის ხშირად იწვევდა ქართული სცენის გამოჩენილ მსახიობებს. ამ პროცესში მას თავისი და, ცეცილია წუწუნავაც ჰყავდა ჩართული.

გაზეთში „თანამედროვე აზრი“ (N 196. 1916 წლის 3 სექტემბერი) გამოქვეყნებული კორესპონდენცია იუწყებოდა:

„ქ. ოზურგეთში 29 აგვისტოს ადგილობრივ თეატრში რეჟისორმა ალ. წუწუნავამ გამართა საღამო შემდეგი შინაარსით: პირველად წარმოადგინეს მოკლე, მაგრამ შინაარსით ძლიერი დრამა „და“ გადმოკეთებული თვით წუწუნავას მიერ ტოლსტოის მოთხრობიდან „დები“. მეორედ ითამაშეს გუნიას კომედია „არივ-დარია“. დასასრულს დადგეს მეტყველი სურათები, თითქმის უნაკლოდ „ხალხის გულის მესაიდუმლის“ ეგნატე ნინოშვილის მიხედვით. ბატონმა წუწუნავამ წაიკითხა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობა „განკარგულება“, რომლის მოქმედი გმირი კაცია მუნჯაძე ისე აამოქმედა სცენაზე, ხალხის წინაშე, როგორც ეს აღნიშნული აქვს უკვდავ ბელეტრისტს. მთელი ამ სცენის შესრულების დროს ცოცხალი სახე ძველი ნინოშვილისა სრულიად გაუნძრევლად და უსიტყვოდ იჯდა საწერ მაგიდასთან კალმით ხელში. ხალხი ძლიერ კმაყოფილი დარჩა.“

ალექსანდრე წუწუნავა ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1918 წელს გერმანე გოგიტიძესთან (12 სექტემბერი, 1886, ოზურგეთი -7 მარტი, 1960, თბილისი, — ქართველი კინოხელოვანი, პროდიუსერი, ქართული კინოწარმოების ერთ–ერთი პიონერი) ერთად გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით. 1918 წლიდან მუშაობდა ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად, ხოლო 1947 წლიდან მთავარ რეჟისორად. 1923 წელს მოსკოვს მიაშურა კინორეჟისურის და კინოტექნიკის სრულყოფილად დაუფლების მიზნით. 1924 წელს მიიწვიეს სახკინმრეწვში რეჟისორად. თანამშრომლობდა დიმიტრი შევარდნაძესთან, რომელიც იყო მისი სამი ფილმის — „ქრისტინე“, „ვინ არის დამნაშავე?“ და „ჯანყი გურიაში“ — მხატვარი. უკანასკნელი ფილმი გადაიღო 1928 წელს. მას ჰქონდა სურვილი რამდენიმე ფილმის დადგმისა, მათ შორის „ხიდი ენგურზე“, „დავით აღმაშენებელი“, „ქეთო და კოტე“, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

1934 წელს მიიღო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. გარდაიცვალა 1955 წლის 25 ოქტომბერს. ქალაქ ოზურგეთში თეატრის გვერდით დგას წუწუნავას ძეგლი. ასევე, მის სახელს ატარებს ოზურგეთის დრამატული თეატრი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმი:

• „ქრისტინე“ (1919) — პირველი ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია 1916-18 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ალექსანდრე წუწუნავა.

• „ვინ არის დამნაშავე?“ (1925) — პირველი ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პიესაზე, ავტორი ნინო ნაკაშიძე. ფილმი გადაღებულია ალექსანდრე წუწუნავას მიერ და მისი სიუჟეტი ასახავს ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას.

• „ხანუმა“ (1926)

• „ორი მონადირე“ (1927)

• „ჯანყი გურიაში“ (1928) ალექსანდრე წუწუნავას უკანასკნელი ფილმი. ორსერიიანი ფილმი გადაღებულია ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

წყარო:

• „ოზურგეთის თეატრი - 150“, ლაშა ჩხარტიშვილის მონოგრაფია

• საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

ძებნა

შემოგვიერთდით facebook-ზე

გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი სპექტაკლები?


კალენდარი

«    ივნისი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სტატისტიკა